Search This Blog

Monday, January 31, 2011

ნოვოდვორსკაიას, ბოროვოის და პანფილოვის ბლოგები გატეხეს

კარგა ხანია, პუტინის რეჟიმს ყელში თევზის ფხასავით აქვს გაჩხერილი ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინე ბოროვოი, ოლეგ პანფილოვი და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები.

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ კრემლს ზემოთჩამოთვლილი პერსონები გულზე არ ეხატება. ყველა მათგანი დაუნდობლად ამხელს რუსეთის ხელისუფლების მანკიერ მხარეებს და, რაც მთავარია, მათი პოზიცია და ნააზრევი დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

აქედან გამომდინარე, კრემლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხმა ჩაახშოს. როგორც „პრესა.ჯი“–სთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით 12 საათზე რუსმა ჰაკერებმა ნოვოდვორსკაიას, ბოროვოისა და პანფილოვის ბლოგები „ЖЖ“–ზე გატეხეს. ამ დროისათვის სამივე ბლოგი დაბლოკილია.


რასაკვირველია, რუსი ბლოგერები ასეთ თავდასხმას არ გამორიცხავდნენ და ამიტომაც, ურთიერთობის სათადარიგო ვარიანტები წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული. ნოვოდვორსკაიას ბლოგზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ურთიერთობა რუსული საიტის „ვ კონტაქტე.რუ“–ს, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაგრძელდება. იგივე ინფორმაციაა განთავსებული ბოროვოისა და პანფილოვის ალტერნატიულ გვერდებზეც.

მომხდართან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ ოლეგ პანფილოვს დაუკავშირდა და მის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

ოლეგ პანფილოვი: ეს–ესაა ნოვოდვორსკაიასა და ბოროვოის ბლოგების გატეხვის შესახებ შევიტყვე, ჩემიც გატეხილია... ასე ებრძვიან ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების ერთადერთ საშუალებას.

– თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩარეული?
– ესენი შეიძლება იყვნენ როგორც სპეცსამსახურები, ასევე „პატრიოტულად“ განწყობილი ადამიანები. მე მათ ჩეკისტებს დავარქმევდი, იმისგან დამოუკიდებლად, აქვთ თუ არა რაიმე წოდება და სამხრეები.

– რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და რამდენად შეუშლის ეს ხელს თქვენს ურთიერთობას საზოგადოებასთან?
– მინიმუმ, 30 შემთხვევა უკვე იყო ბოლო 3–4 წლის განმავლობაში. რადგანაც ეს ერთადერთი საშუალებაა ჩვენთვის ინფორმაციის გასავრცელებლად, ცხადია, ხელი გვეშლება ურთიერთობაში. ნოვოდვორსკაიას, ბოროვოის, ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩვენება რუსულ ტელევიზიებს აკრძალული აქვთ, ამიტომაც ჩვენთვის ინტერნეტი ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობისთვის...

სამივე ბლოგერი უკვე მუშაობს ბლოგების აღდგენის მიმართულებით. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პარალელურად მუშაობენ აგრეთვე ზემოთჩამოთვლილი ბლოგერებისადმი კეთილგანწყობილი ჰაკერები, რათა „სიურპრიზები“ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურ ვებ–გვერდებზე დახვდეს.

presa.ge

No comments:

Post a Comment